1000 Scholars Georgian Translation

მართლმადიდებელი თეოლოგებისგან შემდგარი ინტერნაციონალური ჯგუფი ამ წერილით მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქიას, ყველა მართლმადიდებელ მორწმუნესა და კეთილმოსურნეს მთელს მსოფლიოში. წინამდებარე მიმართვას ღრმა გულშემატკივრობით ვწერთ მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომლის ერთიანობაც ახალ სიცოცხლეს ათვალსაჩინოებს მთელი კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ აღნიშნული კრება, რომელთან დაკავშირებითაც დიდი მოლოდინები არსებობდა და ასევე დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მოიმკის სულიწმინდის ნაყოფებს, უპირველეს ყოვლისა კი, საერთო მართლმადიდებლურ ერთობას. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ მართლმადიდებელ იერარქთა შეთანხმებას, რომელიც 2016 წლის იანვარში მიღწეულ იქნა მართლმადიდებელთაშორის შეხვედრაზე, რომ შეკრებილიყვნენ წმინდა და დიდ კრებაზე, 2016 წლის ივნისში, კუნძულ კრეტაზე.

მიგვაჩნია, რომ არანაირი გადაულახავი სირთულეები არ არსებობს იმისათვის, რომ აღნიშნული კრება ივნისში გაიმართოს, მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი შეკითხვებისა, რომლებიც წარმოიშვა კრების სამუშაო დოკუმენტებთან, ასევე კრების მუშაობის რეგლამენტთან და რეგულაციებთან დაკავშირებით. ვაღიარებთ ზოგიერთი შეკითხვის ლეგიტიმურობასა და მართებულობას, მაგალითად, დისკუსიის განახლების შესაძლებლობის არსებობას კრების დოკუმენტების სამუშაო ვერსიებთან დაკავშირებით. ასევე ვაცნობიერებთ, რომ სხვა მრავალი საკითხიც არსებობს, რომლებიც თანამედროვე, 21-ე საუკუნის საეკლესიო ცხოვრებას უკავშირდება, რომლებიც მოითხოვს სერიოზულ განხილვებს მომავალ საერთო მართლმადიდებლურ შეკრებებზე.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს, ისევე როგორც წარსულში, ამგვარი საკითხების განხილვის შესაბამისი ადგილი სწორედ კრებაა, რომლის კიდევ ერთხელ გადადება ნიშნავს გლობალურ დონეზე კრებითობის პრინციპის მიხედვით ცხოვრებისკენ მისწრაფების მინავლებას. ნამდვილად არ მოველით, რომ ეს კრება ათ დღეში ყველა მნიშვნელოვან საკითხს გადაჭრის და იურისდიქციასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს კრება არსებული ჭრილობების განკურნების, საყოველთაო ერთიანობისა და კრებითობის ახალი ერის დასაწყისი იქნება. მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ საფრთხე შეუქმნან კრების მუშაობას მისი შეყოვნებითა და გადადებით, ვერ უნდა შეძლონ უარყოფითი გავლენის მოხდენა მართლმადიდებელი ეპისკოპატის დიდ ნაწილზე, რომელთაც სურთ აღებული ვალდებულების შესრულება კრება ჩაატარონ ამა წლის სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. გასულ საუკუნეში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი მდიდარი თეოლოგიური მემკვიდრეობითა და ახალმოწამეთა სისხლით დაამოწმა თავისი ჭეშმარიტება მსოფლიოს წინაშე. წმინდა და დიდი კრება შესაძლებლობას იძლევა დაწყებულ იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობის ახალი ფაზა. ახლა მსოფლიოს შეჰყურებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენ შევთხოვთ ყველა ჩვენს ეპისკოპოსს ყური დაუგდონ სულიწმინდას, რომელიც მათ კრებითი ერთობისკენ მოუწოდებს.